top of page
Search

ოჯალეში და სამეგრელოს მევენახეობა XIX საუკუნეში

შესავალი წიგნისთვის: ერმილე ნაკაშიძე „მევენახეობა და მეღვინეობა პრინცესა სალომე მიურატის მამულებში“


ავტორი: ანა ჭეიშვილი

2019 წელი


საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია XIX საუკუნის მეორე ნახევარი, როდესაც ამერიკიდან შემოსულმა ვაზის დაავადებებმა ევროპის გავლით საქართველოში შემოაღწია და აქ მევენახეობის ფორმების შეცვლა გამოიწვია. ოიდიუმი (ნაცარი) პირველად 1854 წელს გურიაში დაფიქსირდა[1] და მომდევნო წლებში ძალიან დააზარალა დასავლეთ საქართველოს ვენახები. ეს განსაკუთრებით შეეხო მაღლარად გაშენებულ ვაზს, რომელიც იმ დროს საქართველოში მევენახეობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენდა. ამას დაერთო ვაზის მავნე მწერის – ფილოქსერის გამოჩენა, რომელიც პირველად 1875 წელს დადასტურდა იმერეთის ვენახებში[2]. ფილოქსერის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯერ კიდევ 1873 წლის 6 აპრილს რუსეთის იმპერიაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც შავი ზღვის პორტების გავლით უცხოეთიდან ვაზის ლერწების შემოტანა აიკრძალა. მოგვიანებით ეს აკრძალვა იმპერიაში შემოსასვლელ სახმელეთო გზებსა და საბაჟოებზეც გავრცელდა. ამის მიუხედავად, ვაზის შემოტანის შემთხვევები კვლავ ხშირი იყო, რამაც ფილოქსერის პირველი კერების გაჩენა გამოიწვია[3]. სწორედ ამიტომ, 1881 წლის 30 მარტის დადგენილებით ეს კანონი კიდევ უფრო გამკაცრდა და კავკასიაში უცხოეთიდან არა მხოლოდ ვაზის ლერწის, არამედ სხვა მცეენარეების, ბაღის მიწისა და კომპოსტის  შემოტანაც კი აიკრძალა[4]. ვერც ამ აკრძალვებმა და ვერც 1881 წლის დეკემბერში დაფუძნებული კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის მიერ გატარებულმა ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამ ყველაფერს 1880-იანი წლების დასაწყისიდან დაერთო კიდევ ერთი სოკოვანი დაავადების – მილდიუს (ჭრაქი) გავრცელება[5]. შედეგად, 1890-იანი წლებისთვის საქართველოში ვენახების დიდი ნაწილი განადგურებული, ყურძნის მოსავალი კი ძალზე შემცირებული იყო. მევენახეობა-მეღვინეობის გადასარჩენად ახალი გზების ძიება გახდა საჭირო. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ქართველი მევენახეები და აგრონომები, რომლებიც სულ უფრო მეტ სანერგეს ხსნიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას ვაზის დამყნობისა და შეწამვლის წესებს ასწავლიდნენ. ბუნებრივია, ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა ის მეურნეობები, სადაც ევროპიდან შემოტანილი ცოდნითა და ახალი წესების დაცვით ცდილობდნენ ვენახების გაშენებას. ამ მხრივ აღსანიშნავი იყო სამეგრელოში, სოფლებში ჭკადუაშსა და სალხინოში, აშილ მიურატისა (1847-1895) და სალომე დადიანი-მიურატის (1848-1913) მიერ გაშენებული მეურნეობა, რომელსაც საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ერმილე ნაკაშიძემ კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის პერიოდულ გამოცემაში ცალკე სტატია მიუძღვნა (Виноградарство и виноделiе въ именiяхъ принцессы С. Мюратъ.1896).


სამეგრელოს გარდაცვლილი მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ასული, 19 წლის სალომე და 21 წლის აშილი – მისი სამეფო უმაღლესობის ნაპოლეონ ფრანსუა ლუსიენ შარლ მიურატისა და კაროლინა ჯეორჯინა ფრეიზერის ვაჟი, 1868 წლის 13 მაისს პარიზის პირველი უბნის მერიაში დაქორწინდნენ[6]. იმავე დღეს ჯვრისწერის ორი ცერემონია შედგა: კათოლიკური – ტიუილრის სასახლეში და მართლმადიდებლური – ალექსანდრე ნეველის რუსულ ტაძარში[7]. წყვილი მალე სამეგრელოში დასახლდა, სავარაუდოდ, საფრანგეთში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. 1889 წელს აშილ მიურატმა დაიწყო დაბლარი ვენახის გაშენება იმ ადგილას, სადაც მანამდე დაავადებებისგან განადგურებული მაღლარი არსებობდა – ამ ისტორიას ერმილე ნაკაშიძე საინტერესოდ და დეტალურად აღწერს თავის სტატიაში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მეურნეობას სათავეში ჩაუდგა სალომე დადიანი, რომელიც თავის ქალიშვილ ანტუანეტა (ბებე) მიურატთან (1879-1954) ერთად ვენახში მუშაობისა და ღვინის დაყენების ყველა ეტაპზე იყო ჩართული. სწორედ სალომეს ინიციატივით ჩამოისხა ოჯალეშის ღვინო ბოთლებში და საფრანგეთში დაბეჭდილი ეტიკეტებით გაფორმდა. არსებობს ზეპირი გადმოცემა იმის შესახებ, რომ თითქოს ეს ღვინო ჯერ რუსეთის იმპერატორს გაუგზავნეს საჩუქრად[8], მოგვიანებით კი, 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედლის მიღების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს წარუდგინეს[9]. სამწუხაროდ, პარიზის გამოფენის კატალოგების მიხედვით არ დასტურდება ოჯალეშის მონაწილეობა არც საერთაშორისო გამოფენასა და არც ღვინის კონკურსზე. ასევე, არც ამ ღვინის საექსპორტოდ გატანის კვალი ჩანს არქივებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციას არაერთ სტატიაში ვხვდებით. ოჯალეშთან დაკავშირებული ასეთი ზეპირი ისტორიები თუ ლეგენდები, რომლებიც, ზოგადად, საქართველოს მეღვინეობის ისტორიაში უხვად გაჩნდა XX საუკუნის მანძილზე, როგორც ჩანს, უფრო იმ სურვილს გამოხატავდა, რომ ქართული ღვინო ეღიარებინათ მეღვინეობის ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია. აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე პუბლიკაციათა უმეტესობაში ოჯალეშის ღვინის ისტორია აშილ მიურატის სახელით იწყება – ამგვარად ავტორებს ალბათ იმ განსაკუთრებული წვლილის აღნიშვნა სურთ, რაც ფრანგ მემამულეს მიუძღვის სამეგრელოს ვენახების დაბლარად გაშენებაში. თუმცა უპრიანი იქნება, აქვე აღვნიშნოთ, რომ ოჯალეშის ღვინოს გაცილებით უფრო დიდი ისტორია აქვს და იგი კარგად იყო ცნობილი მიურატების სამეგრელოში დასახლებამდე.


სამეგრელო ოდითგანვე ითვლებოდა მევენახობა-მეღვინეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად საქართველოში. ოიდიუმის გავრცელებამდე ეს მხარე ერთი ხიდან მეორეზე გადასული ვაზის ისეთ ხშირ, გაბმულ ქსელს წარმოადგენდა, რომ მიუჩვეველ ადამიანს ღამით მისი შემჩნევა და გზის გაკვლევა უჭირდა; ხოლო მეღვინეობის მასშტაბებზე ის ფაქტიც ნათლად მეტყველებს, რომ ყოველი გლეხი, ვისაც კი რამდენიმე ძირი ხურმის ან თხმელის ხის სამყოფი მიწა ჰქონდა, რომლებზეც ჩვეულებისამებრ ვაზს უშვებდნენ, საკუთარ ღვინოს აყენებდა[10]. მეგრული ღვინის აღწერა საკმაოდ ხშირად გვხვდება ევროპელ მოგზაურთა ჩანაწერებში. მოვიყვანთ რამდენიმე, ჩვენი აზრით, ყველაზე საინტერესო მაგალითს. ბუნებრივია, პირველ რიგში ეს არის ჟან შარდენი[11], რომლის სიტყვებს დღესაც ხშირად იმოწმებენ: „სამეგრელოს ღვინო შესანიშნავია. იგი მაგარი, სხეულიანი, სასიამოვნო გემოსი და კუჭისათვის სასარგებლოა. უკეთესს აზიის ვერც ერთ მხარეში ვერ დალევთ“[12]. ხშირად მიაჩნიათ, რომ აქ შარდენი ოჯალეშზე ლაპარაკობს[13], თუმცა, რა თქმა უნდა, ამის დარწმუნებით თქმა შეუძლებელია. მეგრული ღვინის შესახებ წერს ჟან-ფრანსუა გამბაც[14]: „წითელ ღვინოს, რომელიც მასპინძელმა დაგვალევინა, სიმაგრე არ აკლდა; იგი კარგი ხარისხის იყო და არაფერი ჰქონდა საერთო იმ ღვინოებთან, რომლებიც რედუტ-კალეს ბაზარში იყიდებოდა“[15]. შარდენის აზრს იზიარებს ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე და მისი ციტატაც კი მოჰყავს[16]; გორდში დადიანთან სტუმრობისას დიუბუა დე მონპერე წერს: „ვახშამთან შესანიშნავი წითელი ღვინო მოიტანეს; მე ხომ ოდიშში ვიყავი, იქ, სადაც კავკასიონის სამხრეთ კალთებზე ყველაზე მაგარ ღვინოს აყენებენ“[17]. იგივე ავტორი ტფილისში, კავკასიის მთავარმართებელთან სტუმრობისას კი შენიშნავს: „ბარონ როზენთან სუფრაზე კახეთის ღვინო იყო; მაგრამ მისი რჩეული სამეგრელოს ერთ-ერთი პროვინციის – ოდიშის შესანიშნავი ღვინოა“[18]. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დიუბუა დე მონპერეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა აქვს მოყვანილი, რომლებსაც XIX-XX სს-ის მრავალი მკვლევარი ეყრდნობოდა და დასანანია, რომ მისი ნაშრომი დღემდე არ გამოცემულა ქართულ ენაზე.


რაც შეეხება კონკრეტულად ოჯალეშს, ყველაზე ადრეული წყარო ალბათ 1852 წელს სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მიერ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისადმი გაგზავნილი წერილია, სადაც იგი სამეგრელოს მეღვინეობის შესახებ წერს: „... უპირველესი ღვინო არს ოჯალეშისა, რომელიცა მოდის სალხინოს მაღალს ხურმის ხეებზედ შეშვებულს ვენახის ნაყოფთაგან. [...] ხოლო სთელვენ ყურძენს ოჯალეშისასა დეკემბერს პირველს რიცხვში სხვა ყურძენთა უადრეს ვითა და სად რა ჟამს მოიწევის“[19].


კორნელი ბოროზდინი[20], რომლის ნაშრომსაც უკლებლივ ყველა ავტორი ეყრდნობა, ვისაც კი სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებზე უმუშავია, პირველია, ვინც დაწვრილებით ცნობებს გვაწვდის ოჯალეშის შესახებ[21]. ბოროზდინის აღწერით, ერთი მხრივ, მდ. ტეხურისა და აბაშის, და მეორე მხრივ, მდ. ხობისწყალს შორის, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, დაახლოებით 35 კმ-ის მანძილზე მიდის გორაკების რიგი, რომელიც სოფელ სალხინოსთან იწყება და შხეფთან მთავრდება. ამ ფერდობებზე საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ, თუმცა ზოგიერთ სოფელში იგი კიდევ უფრო უკეთესი იყო; პირველ ადგილს კი ოჯალეშურ ღვინოს („вино оджалешское“) აკუთვნებდნენ. სიტყვა ოჯალეშის მნიშვნელობას ბოროზდინი შემდეგნაირად ხსნის: ბჟა მეგრულად ნიშნავს მზეს, ობჟალეში კი მზის სხივებით დამწვარ ადგილს, საიდანაც წარმოდგება სახეცვლილი ფორმა – ოჯალეში. ღვინის ეს სახელწოდება კარგად ახასიათებს ვენახების მდებარეობას, რომლებიც მზისგულზეა გაშენებული და, შესაბამისად, აქ საუკეთესო პირობებია კარგი ღვინის მისაღებად; სწორედ ამიტომ ბოროზდინი ოჯალეშის სახელს ადარებს ფრანგული ღვინის Côte-Rôtie-ისას[22]. ავტორის ცნობით, ოჯალეშის ღვინოს განსაკუთრებული სახეობის ყურძნის – სვანურისგან აყენებდნენ და ვაზს ძირითადად ხურმის ხეზე უშვებდნენ, იშვიათად კი თხმელაზე. ეს ღვინო კარგად იტანდა მგზავრობას: 1849 წელს დავით დადიანმა პეტერბურგში წასვლა დააპირა და იქ წინასწარ გაგზავნა ყუთებში ჩაწყობილი 600 ბოთლი ოჯალეშის ღვინო; მთავარმა წასვლა ვეღარ შეძლო და ღვინო პეტერბურგიდან ტფილისში დაუბრუნებიათ. როგორც ბოროზდინი წერს, ღვინო არათუ არ შეცვლილა, არამედ გაკეთილშობილებულა კიდევაც.


ბოროზდინის მიერ ოჯალეშის ეტიმოლოგიის შესახებ მოყვანილ ცნობას XIX საუკუნის  არაერთი ავტორი იზიარებდა – მათ შორის იყო ერმილე ნაკაშიძეც[23]. ამ საკითხის შესახებ არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის თეოფილ დეიროლი[24] – პირველი ევროპელი ავტორი, რომელმაც სამეცნიერო სტატია მიუძღვნა დასავლეთ საქართველოს მეღვინეობას[25]. დეიროლი 1868 წლის მონაცემების მიხედვით წერს, რომ სამეგრელოს მაღლარი ვენახები, მათ შორის სამეგრელოს მთავრის ნიკო დადიანისა და მისი ბიძის, კონსტანტინე დადიანის კუთვნილი ცნობილი ოჯალეშის ვენახი, ოიდიუმისგან ძლიერ დაზიანებულა. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ 1865 წელს პრინც მირსკის[26] ბაღდათში შეუძენია ადგილობრივი თეთრი ჯიშის ვაზით გაშენებული დაახლოებით 300 მ­­2 ფართობის ოლიხნარი, სადაც მან „ასევე დაარგვევინა ოჯალეშის, გურიისა და რაჭის საუკეთესო ჯიშები.“ დეიროლის ეს სტატია ქართველ მკვლევართათვის სრულიად უცნობია, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, აქვე მოვიყვანოთ ვრცელი მონაკვეთი: „ოჯალეშის ღვინოს, რომლის ვენახიც, როგორც უკვე აღვნიშნე, სამეგრელოს უძველეს მმართველთა ოჯახს ეკუთვნის, ბროწეულის ლამაზი შეფერილობა და ნაზი ბუკეტი აქვს; ის Ermitage[27]-ისა და Côte-Rôtie-ის ღვინოებს შორის იკავებს ადგილს და მათსავით განუსაზღვრელი გამძლეობით ხასიათდება. იგი უდავოდ საუკეთესოა კავკასიის ღვინოებს შორის და, მიუხედავად ღვინის დაყენების ცუდი მეთოდებისა[28], მას, ზოგიერთ წელს, შეუძლია საფრანგეთის სახელგანთქმულ ღვინოებსაც კი გაუწიოს კონკურენცია. ოჯალეში მდებარეობს კავკასიონის ქედის უკანასკნელ განტოტებებზე, სამხრეთით მიმართულ ქვიან ფერდობებზე და დაცულია აღმოსავლეთის მშრალი ქარებისგან, რომლებიც ასე მავნეა ვენახისთვის. იგი სოფელ სალხინოს მახლობლად მდებარეობს, დაახლოებით თანაბარ მანძილზეა დაშორებული ხონიდან და სამეგრელოს უძველეს დედაქალაქ ზუგდიდიდან. […] ოჯალეშის, ლიხაურისა და რაჭის ღვინოები შეფერილობით ბრწყინვალეა, ძლიერი – ზედმეტი სპირტიანობის გარეშე, კუჭისთვის სასარგებლო, დასალევად სასიამოვნო, როგორც გაუზავებელი, ასევე წყლით გაზავებული“.


ოჯალეშთან დაკავშირებით ზემოთ მოყვანილ ყველა წყაროს თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ XIX საუკუნეში „ოჯალეში“ კონკრეტული ადგილის დასახელება,  ანუ ტოპონიმი ყოფილა და არა ვაზის ჯიშის სახელწოდება, როგორც ეს დღესაა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტი განსაკუთრებით კარგად ჩანს ჟიულ მურიეს[29] მიერ სამეგრელოს შესახებ დაწერილი წიგნში, რომელშიც ავტორი ახალსენაკის მაზრაში შემავალი სოფლების აღწერისას ოჯალეშის აღწერასაც გვთავაზობს[30]: „ოჯალეში. ეს ცნობილი ვენახი წაჩხურის ხეობის შესასვლელში მდებარეობს. ვენახების დიდი ნაწილი გაშენებულია მდინარის ზემოთ მცირე პლატოზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი – მდინარის ნაპირას. ვენახი ჩრდილოეთით მაღალი მთებითაა დაცული, დასავლეთით – საკმაოდ მაღალი ბორცვებით, აღმოსავლეთით – პატარა გორაკებით, სამხრეთით კი გახსნილია. იგი მიმართულია სამხრეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. აქ ნისლი არასდროს ჩერდება, რადგან მას წაჩხურის ხეობიდან მონაბერი მსუბუქი ნიავი ფანტავს. [...] ვენახი აქ მაღლარია, ვაზი გირლანდებივით გადადის ნაკლებად გატოტვილ ხეებზე, რომლებიც მწკრივში არ დგანან. მიწის დიდ ნაწილს ვენახის მახლობლად მცხოვრები გლეხები ამუშავებენ, დანარჩენი მიწა კი საძოვარს წარმოადგენს. ვაზის დიდი ნაწილი განადგურდა, გადარჩენილი კი მცირე მოსავალს იძლევა, რადგან ოიდიუმით არის დაავადებული.“


მურიეს ტექსტისა და ზემოთ ნახსენებ სხვა ავტორთა მიერ მოყვანილი ცნობების ერთმანეთთან შეჯერების შედეგად ვასკვნით, რომ XIX საუკუნეში „ოჯალეში“ ადგილწარმოშობის დასახელება ყოფილა, ანუ ეს იყო კონკრეტულ ადგილას მდებარე მაღლარი ვენახები, სადაც სვანური ჯიშის ვაზი იყო გაშენებული. აქედან ასევე ნათელი ხდება, რომ მეგრულ ენდემურ ჯიშ „სვანურს“ სახელწოდება „ოჯალეში“ მხოლოდ XX საუკუნეში დაერქვა. თუ რა იყო ამის მიზეზი, კვლევის მოცემულ ეტაპზე ამის თქმა შეუძლებელია.


რაც შეეხება ეტიმოლოგიას, დღეს ფართოდ გავრცელებულია ვერსია, რომლის თანახმადაც „ოჯალეში“ ნიშნავს ხეზე გაშვებულ ვაზს („ჯა“ მეგრულად არის ხე). საინტერესოა, რომ დღესდღეობით ყველა ავტორი ამ ვერსიას ივანე ჯავახიშვილის ნაშრომის მიხედვით უთითებს, თუმცა, მეცნიერი წერს, რომ „ოჯალეში, ზოგადი ცნების, სახელდობრ ვაზის მაღლარობის გამომხატველი მეგრული ტერმინია“[31] და იგი არსად აღნიშნავს, რომ ეს განმარტება ერთი კონკრეტული ჯიშის – „სვანურის“ სახელწოდებაა. ი. ჯავახიშვილის აზრით „ოჯალეში, [...] თავდაპირველად ხეზე („ჯა“) გასაშვები ვაზის ჯიშების ზოგადი სახელი იყო (ო-ჯალეში)“[32]. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში ჩანს, „საქართველოს ამპელოგრაფიის“ შედგენისას ქართველმა მეცნიერებმა ი. ჯავახიშვილის მიერ მოცემული განმარტება, რატომღაც XIX საუკუნის მკვლევართა შორის გავრცელებულ ვერსიას (ობჟალეში – ოჯალეში როგორც ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი დასახელება) დაუპირისპირეს; ეს უკანასკნელი მათ „არადამაჯერებლად“ მიიჩნიეს, ხოლო ივ. ჯავახიშვილის განმარტებანი კი „სავსებით გასაზიარებლად“[33]. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, ი. ჯავახიშვილის ვერსიამ ჩაანაცვლა თავდაპირველი. ამან კი გამოიწვია ის, რომ XIX საუკუნის მანძილზე მიღებული განმარტება, რომელიც, ამასთანავე, ჩვენი აზრით, მიუთითებს ოჯალეშზე, როგორც ადგილწარმოშობის დასახელებაზე, აბსოლუტურად ამოვარდა თანამედროვე პუბლიკაციებიდან[34].


წინამდებარე წერილში საჭიროდ მივიჩნიეთ, თავი მოგვეყარა მეტ-ნაკლებად ცნობილი წყაროებისთვის ოჯალეშისა და, ზოგადად, სამეგრელოს მეღვინეობის შესახებ; ასევე, გამოგვეთქვა ჩვენი აზრი ზოგიერთ საკითხზე და, ამგვარად, ერმილე ნაკაშიძის სტატიასთან ერთად, მკითხველისთვის შეგვექმნა წარმოდგენა XIX საუკუნის მეღვინეობის შესახებ. საინტერესოა, რომ ერმილე ნაკაშიძის ეს სტატია არ შესულა 1929 წელს ქართულ ენაზე გამოცემულ მის ნაშრომში „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“. ეს გასაკვირი არ არის, რადგან საბჭოთა წყობისთვის მიუღებელი იქნებოდა იმ ღვაწლის წარმოჩენა, რაც დადიანი-მიურატების ოჯახს მიუძღოდა სამეგრელოს მეღვინეობის განვითარებაში. არადა, 1889 წელს, ჭკადუაშისა და სალხინოს მეურნეობის დაარსებით აშილ მიურატმა და მოგვიანებით კი სალომე და ანტუანეტა მიურატებმა – ფაქტობრივად პირველმა მეღვინე ქალებმა საქართველოში – უდიდესი წვლილი შეიტანეს ოჯალეშის (სვანურის) დაბლარად გაშენებასა და ღვინის დაყენებაში. ვინ იცის, რომ არა მათი ძალისხმევა, შეიძლება ვაზის ამ ჯიშს ჩვენამდე არც კი მოეღწია.


გამოყენებული ლიტერატურა:


[1] Сборникъ сведенiй по виноградарству и виноделiю на Кавказе. Изданiе Кавказскаго Филоксернаго Комитета. Тифлисъ 1896. Выпускъ III, გვ. 218.

[2] Сборникъ сведенiй... 1896. გვ. 211.

[3] Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. СПб 1902. т. XXXVa, გვ. 797.

[4] Отчетъ о действiяхъ Кавказскаго филоксернаго комитета со времени его учрежденiя : съ декабря 1880 года, по 1 апреля 1882 года. Тифлисъ 1882, გვ. 4.

[5] ვაზის დაავადებების გავრცელების შესახებ იხ. პ. გუგუშვილი. მევენახეობა საქართველოსა და ამიერკავკასიაში 1801-1920 წწ. ეკონომიკის ინსტიტუტის შრომები. თბ. 1951. ტ. 5, გვ. 281-351.

[6] პარიზის მუნიციპალური არქივი, V4E 79.

[7] Le monde illustré. 23 mai 1868. გვ. 326.

[8] 2016 წლის აგვისტოში ქალბატონ ვერონიკა დე შაბო-ტრამკურთან ჩაწერილი საუბარი.

[9] V. de Chabot-Tramecourt. La saga des Murat du Caucase : Achille & Salomé. [s.l.n.d.] Tome I. გვ. 40.

[10] К. Бороздин. Крепостное состояние в Мингрелии. Записки Кавказского отдела Императорского русского географического общества. Тифлисъ 1866. Кн.7. გვ. 10.

[11] ჟან შარდენი (Jean Chardin, 1643-1713) – ფრანგი მოგზაური და იუველირი; საქართველოში იმოგზაურა 1672-73 წლებში.

[12] J. Chardin. Voyages de Mr. le Chevalier Chardin en Perse, et autres lieux de l'Orient. Tome I-II. Amsterdam 1711. გვ. 126-127.

[13] Е. Накашидзе. Очеркъ виноградарства и виноделiя въ Гурiй и Мингрелiй. Сборникъ сведенiй по виноградарству и виноделiю на Кавказе. Изданiе Кавказскаго Филоксернаго Комитета. Выпускъ IV. Тифлисъ 1896. გვ. 110. შდრ. პ. გუგუშვილი. დასახ. ნაშრ., გვ. 91.

[14] ჟან-ფრანსუა გამბა (Jean-François Gamba, 1763-1833) – საფრანგეთის კონსული ტფილისში; ნაშრომში აღწერილი აქვს 1822-1824 წლების მოგზაურობა საქართველოში.

[15] J.-F. Gamba. Voyage dans la Russie méridionale, et particulièrement dans les provinces situées au-delà du Caucase, fait depuis 1820 jusqu'en 1824. Paris 1826. vol. 1, გვ. 145.

[16] ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე (Frédéric Dubois de Montpéreux, 1798-1850) – შვეიცარიელი არქეოლოგი, გეოლოგი და ისტორიკოსი, რომელმაც საქართველოში 1833-34 წლებში იმოგზაურა.

[17] Fr. Dubois de Montpéreux. Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée. Paris 1839. T. I., გვ. 454-455.

[18] Fr. Dubois de Montpéreux. დასახ. ნაშრ., T. III, გვ. 251.

[19] ი. მეუნარგია. სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი. მასალები და დოკუმენტები სოლ. ცაიშვილის რედაქციით. თბ. 1939, გვ. 101.

[20] კორნელი ბოროზდინი (Корнилий Бороздин, 1828-1896) – რუსი პროზაიკოსი, იურისტი; 1854 წელს კავკასიის მთავარმართებლის მიერ მივლინებული იყო სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის კარზე მის თანაშემწედ და შვილების აღმზრდელად; 1856-1861 წლებში იყო სენაკის, ხოლო 1861-1867 წლებში კი თელავის მაზრის უფროსი.

[21] К. Бороздин. დასახ. ნაშრ., გვ. 10-13.

[22] Côte-Rôtie – (ფრ. „დაბრაწული ფერდობი“) ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ღვინო საფრანგეთში, ლიონის სამხრეთით, მდინარე რონის მარჯვენა ნაპირზე ფერდობზე გაშენებული ვენახებიდან.

[23] Очеркъ виноделiя Кавказа. Сборникъ сведенiй о Кавказе. Тифлисъ 1875. Томъ III, გვ. 221. შდრ. ე. ნაკაშიძე. მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში. სახელმწიფო გამომცემლობა. 1929, გვ. 43. შდრ. Е. Накашидзе. დასახ. ნაშრ., გვ. 110.

[24] თეოფილ დეიროლი (Théophile Deyrolle, 1844-1923) – ფრანგი ენტომოლოგი და მხატვარი; საქართველოში იმოგზაურა 1868 წელს.

[25] Th. Deyrolle. La viticulture dans les provinces occidentales du Caucase. in Journal de la société impériale et centrale d’horticulture de France. 2e série. Tome III. Paris 1869, გვ. 489-506.

[26] დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი (Дмитрий Иванович Святополк-Мирский, 1825-1899) – რუსი გენერალი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი 1863-1867 წლებში.

[27] Ermitage ან Hermitage – ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო საფრანგეთში, მდინარე რონის მარცხენა ნაპირზე გაშენებული ვენახებიდან.

[28] ევროპელ მოგზაურთა დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა მეღვინეობაში ქვევრის გამოყენებას. ეს განპირობებული იყო არა ღვინის გემური თვისებების ან დაბალი ხარისხის გამო (პირიქით, ხშირად ისინი ღვინოს მაღალ შეფასებას აძლევდნენ, რასაც ასევე ადასტურებს ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი წყაროები), არამედ ღვინის დაყენებისას ევროპელთათვის სრულიად უცხო მეთოდების მიუღებლობით. ამ საკითხის შესახებ ასევე იხ.  К. Бороздин. დასახ. ნაშრ., გვ. 12.

[29] ჟიულ მურიე (Jules Mourier, 1846-19??) – ფრანგი პუბლიცისტი, პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი. 1879-1903 წლებში ცხოვრობდა საქართველოში, 1881-1883 წლებში იყო სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ნიკო დადიანის შვილების აღმზრდელი.

[30] J. Mourier. La Mingrélie (ancienne Colchide). Odessa 1883, გვ. 285.

[31] ი. ჯავახიშვილი. ეკონომიური ისტორია. წიგნი მეორე. ტფილისი 1935. გვ. 496.

[32] ი. ჯავახიშვილი. იქვე., გვ. 309-310.

[33] ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე. საქართველოს ამპელოგრაფია. თბ. 1960, გვ. 252.

[34] დასანანია, რომ ეს XIX საუკუნეში მიღებული განმარტება არ არის ნახსენები ისეთ ენციკლოპედიურ ნაშრომში, როგორიც არის „ქართული ვაზის ჯიშები“ (ლ. უჯმაჯურიძე, გ. კაკაბაძე, ლ. მამასახლისაშვილი. ქართული ვაზის ჯიშები. თბ. 2018).

 
 
 

Comments


bottom of page