კონვენციური, ორგანული, ბიოდინამიური თუ ბუნებრივი ღვინო?
- Feb 13
- 1 min read
Updated: Feb 17
როდესაც ღვინოს ვირჩევთ, ხშირად ყურადღებას ვაქცევთ ფასს, ჯიშს ან რეგიონს. მაგრამ იშვიათად ვეკითხებით საკუთარ თავს: როგორ არის ეს ღვინო დამზადებული? სწორედ აქ იწყება მთავარი განსხვავება კონვენციურ, ორგანულ, ბიოდინამიურ და ბუნებრივ ღვინოებს შორის.
კონვენციური ღვინო
ეს არის დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ტიპი. ვენახში დაშვებულია ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები და პესტიციდები, ხოლო მარანში - სხვადასხვა ტექნოლოგიური ჩარევა და დანამატები: შერჩეული საფუარები, სტაბილიზატორები, გამწმენდი საშუალებები. ეს ყველაფერი გარანტირებულად უზრუნველყოფს - სტაბილურ გემოს, დიდი მოცულობას და პროგნოზირებად შედეგს. ასეთი ღვინო ხშირად „სუფთაა“, მაგრამ ნაკლებად გადმოსცემს ისტორიას ან კონკრეტული ადგილის ხასიათს.
ორგანული (ბიო) ღვინო
ორგანული მიდგომა ვენახიდან იწყება. აქ აკრძალულია სინთეზური ქიმიკატები და გამოიყენება ბუნებრივი საშუალებები. თუმცა მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: ორგანული სტატუსი ძირითადად ვენახს ეხება, ხოლო მარანში გარკვეული ჩარევები მაინც დასაშვებია. ანუ ორგანული ღვინო შეიძლება იყოს უფრო „ჯანმრთელი ვენახიდან“, მაგრამ არა აუცილებლად მინიმალური ჩარევით დაყენებული. ორგანული მიდგომა უფრო ტექნიკური საკითხია, ვიდრე ფილოსოფიური.
ბიოდინამიური ღვინო
ბიოდინამიკა ორგანულ მევენახეობასა და მეღვინეობას სცდება და ვენახს ცოცხალ ორგანიზმად აღიქვამს. აქ დიდი ყურადღება ექცევა ბუნებრივ ციკლებს (მთვარის კალენდარი), ნიადაგის სიცოცხლეს და ვენახის თვითრეგულაციას. პრაქტიკაში ეს ნიშნავს სპეციალურ ბუნებრივ პრეპარატებსა და მთვარის კალენდრის მიხედვით მუშაობას. შედეგი ხშირად უფრო ცოცხალი და ენერგიული ღვინოა, თუმცა ეს მეთოდი დიდ ცოდნასა და დისციპლინას მოითხოვს.
ბუნებრივი (ნატურალური) ღვინო
ბუნებრივი ღვინო ფილოსოფიაა და არა მხოლოდ წესების ნაკრები. მისი არსი მარტივია:
ვენახში მაქსიმალურად ბუნებრივი მიდგომა;
მარანში მინიმალური ჩარევა;
სპონტანური დუღილი;
დანამატების არგამოყენება ან უკიდურესად შეზღუდული გამოყენება (მკაცრად შეზღუდუილი რაოდენობით გოგირდი);
ბუნებრივი ღვინო ყოველთვის შესაძლოა არ იყოს „იდეალურად გაპრიალებული“, მაგრამ ის უფრო ნამდვილი და გულწრფელია. ასეთ ღვინოში იგრძნობა ტერუარი, წელი, მეღვინის ხელი და შრომა, და ზოგჯერ - მცირე არაპროგნოზირებადობაც, რაც ბევრისთვის სწორედ მისი ხიბლია.
ბუნებრივი ღვინო სპეციფიურ, გამბედავ მომხმარებელს ეძებს, რომელსაც რაღაც ახალი და განსხვავებული უნდა გასინჯოს. და ამის შემდეგ, ის, მუდმივად მისი ერთგული რჩება.
.png)



Comments