top of page
Search

არაფერი ჩავამატოთ, არაფერი ამოვაკლოთ: როგორ დაიბრუნა ქართულმა ღვინომ საკუთარი იდენტობა

(ნაწილი მესამე)

სტატიის ავტორი: ანა ჭეიშვილი

ინგლისურიდან თარგმნა: გვანცა წულუკიძემ


ბუნებრივი ღვინის მოძრაობის გაჩენა თანამედროვე საქართველოში


თანამედროვე ბუნებრივი ღვინის მოძრაობა საქართველოში დაიწყო იმ პერიოდში, როცა ქვეყანა ნელ-ნელა გამოდიოდა პოსტსაბჭოთა ეპოქის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამდენიმე ახლად დაარსებულმა მსხვილმა ღვინის კომპანიამ ყურადღება რუსეთის ბაზარზე გაამახვილა. ისინი ცდილობდნენ იმ ბაზარზე დაბრუნებას, რომელსაც საბჭოთა პერიოდში იცნობდნენ. ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, გლეხებმა ყურძნის ნაცვლად უფრო შემოსავლიანი კულტურების მოყვანა დაიწყეს. თუმცა, მრავალი მათგანი კვლავ აგრძელებდა ვენახის მოვლას და ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენებას. ამ გლეხების მიერ დამზადებული ღვინო ძირითადად მათივე მოხმარებისთვის, გაცვლისთვის ან ადგილობრივი ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, სადაც იგი ლიტრობით, ბოთლში ჩამოსხმის გარეშე იყიდებოდა.


სწორედ ამ მოვლენების ფონზე შეხვდნენ ერთმანეთს თანამედროვე ნატურალური მეღვინეობის მოძრაობის წამომწყებები. 2006 წელს, იაგო ბიტარიშვილი, მეღვინე ქართლიდან, რომელიც ოჯახურ ტრადიციას აგრძელებდა, და სოლიკო ცაიშვილი (1961-2018), ფილოლოგიის დოქტორი, რომელმაც კახეთში მეღვინეობა ისე წამოიწყო, რომ დედაქალაქი არ მიუტოვებია, ნატურალური მეღვინეობის შესახებ საერთო იდეებისა და შეხედულებების გარშემო გაერთიანდნენ. მათ მალევე შეუერთდა იმერელი მეღვინე რამაზ ნიკოლაძე, რომელიც იტალიური Slow Food მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. ეს მოძრაობა მხარს უჭერს ნატურალური ღვინოების წარმოებასა და პოპულარიზაციას. სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს ის ბირთვი, რომელიც გააზრებულად დაუდგა სათავეში ნატურალური მეღვინეობის ახალ ტალღას საქართველოში.


2007 წელს, ქართული ღვინოები ევროპულ ბაზარზე შევიდა იტალიელი ლუკა გარგანოს მხარდაჭერით. იგი კომპანია Velier-ის დირექტორი და ნატურალური მეღვინეობის ერთ-ერთი დიდი პიონერი იყო. ქართული ნატურალური ღვინოები წარსდგა საერთაშორისო ღვინის გამოფენაზე Vinitaly, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონაში ტარდება.


ამრიგად, როდესაც პირველმა ქართველმა ნატურალისტმა მეღვინეებმა დაიწყეს ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოების, ანუ ქვევრში დაყენებული ქარვისფერი ღვინოების ევროპაში წარდგენა, მათ მხოლოდ ტრადიციული მეღვინეობა კი არ გააცოცხლეს, არამედ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანეს იგი. მათ აღუდგინეს ამ უძველეს მეთოდს პრესტიჟი და საერთაშორისო ბაზრისკენ ახალი გზა და პერსპექტივები გაუხსნეს. იაგო ბიტარიშვილის სიტყვებით, ქართული ნატურალური ღვინის პოპულარიზაცია დროში ზუსტად დაემთხვა ევროპაში ნატურალური ღვინის მოძრაობის გაძლიერებას; ეს იყო ბედნიერი დამთხვევა, რომელიც ერთმანეთისგან  დამოუკიდებლად მოხდა (პირადი კომუნიკაცია, 13 იანვარი 2024).


ეს საერთაშორისო აღიარება თანდათანობით სტიმულად იქცა სხვა ქართველი მეღვინეებისთვის, რომ იგივე გზით წასულიყვნენ და ამით საკუთარი წვლილი შეეტანათ საქართველოში ტრადიციული მეღვინეობის აღორძინებაში. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ საზღვარგარეთ ქართული ღვინისადმი გაზრდილმა ინტერესმა ქვეყნის მსხვილ მეღვინეობებზეც მოახდინა გავლენა. როდესაც რუსეთმა 2006 წელს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე ემბარგო დააწესა, დიდი ღვინის კომპანიები იძულებული გახდნენ, ახალი ბაზრები მოეძებნათ. ამ ვითარებამ მათ მეტი ყურადღება მიაპყრობინა ტრადიციულ მეღვინეობაზე, რომელიც მანამდე უყურადღებოდ ჰქონდათ მიტოვებული.


2009 წელს „ღვინის კლუბის“ დაარსება, რომლის თავმჯდომარეც მწერალი მალხაზ ხარბედიაა, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება იმ პროცესში, რომელმაც ხელი შეუწყო ბუნებრივი ღვინის დაფასებას საქართველოში. კლუბს დაარსებისას ათამდე წევრი ჰყავდა – მათ შორის იყვნენ ზემოთ ნახსენები ნატურალისტი მეღვინეები აგრეთვე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მეღვინეობას არ უკავშირდებოდნენ და, ასევე, ამ სტატიის ავტორიც. 


„ღვინის კლუბის“ მიზანი იყო მეღვინეობისა და მევენახეობის პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებასა და მომხმარებლებს შორის. კლუბი ორგანიზებას უწევდა ყოველკვირეულ შეხვედრებს, სადაც მოწვეულნი იყვნენ მეღვინეები, ენოლოგები, ისტორიკოსები, არქეოლოგები, ჟურნალისტები, რათა ესაუბრათ ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ  სხვადასხვა თემაზე. კლუბში გაწევრიანება შეეძლო ყველას, ვისაც მეღვინეობა აინტერესებდა. მისი დაარსებიდანვე, კლუბს ყოველთვიურად ახალი წევრები ემატებოდნენ. იმართებოდა სემინარები ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოში ენდემური ვაზის ჯიშები, ტრადიციული მეღვინეობის მეთოდები, მევენახეობის პრობლემები და სხვ. გარდა ამისა, ტარდებოდა ქართული და უცხოური ღვინოების დეგუსტაციები. ამ ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ცოდნის გაცვლასა და გაზიარებას ღვინის პროფესიონალებსა და ენთუზიასტებს შორის, ასევე შეიქმნა უნიკალური შესაძლებლობა გაცნობოდნენ ქართული მევენახეობის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას. „ღვინის კლუბმა“ გადამწყვეტი როლი ითამაშა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ბუნებრივი და ტრადიციული ქართული ღვინოების მნიშვნელობის შესახებ. დისკუსიისა და აღმოჩენის სივრცის შექმნით, კლუბმა გამოკვეთა საქართველოს ღვინის მემკვიდრეობის მნიშვნელობა და გააძლიერა ღვინის მოყვარულთა საზოგადოება. „ღვინის კლუბი“ დღემდე აგრძელებს საქმიანობას, ორგანიზებას უწევს სამუშაო შეხვედრებსა და დეგუსტაციებს, აქვეყნებს სახელმძღვანელოებს და განსაკუთრებით აქტიურია დამწყები მევენახეებისა და მეღვინეების მხარდაჭერაში.


„ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის „ახალი ღვინის ფესტივალი“, რომელიც პირველად 2010 წელს მოეწყო. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება მაისის მეორე შაბათს. ეს თარიღი სპეციალურად შეირჩა, რადგან სწორედ ამ პერიოდში წინა წლის მოსავლისგან დამზადებული ღვინოები უკვე ქვევრებიდან გადაღებულია, ჩამოსხმულია ბოთლებში და მზად არის რეალიზაციისთვის.


2010 წლის პირველ ფესტივალზე „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმდენად წარმატებული იყო, რომ ორგანიზატორებიც კი გაკვირვებულები დავრჩით. „ახალი ღვინის ფესტივალი“ არ იყო ღვინის ბაზრობა კლასიკური გაგებით; ეს იყო ნამდვილი სახალხო ზეიმი. ტრადიციული ღვინის ბაზრობებისგან განსხვავებით, აქ მრავალი წყვილი ბავშვებთან ერთად მოვიდა, რამაც ფესტივალს მოულოდნელად ოჯახური გარემო შესძინა. ამაში ასევე ორი ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი: ინტერესი ღვინის კულტურისადმი, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილისადმი, და ფესტივალისთვის ადგილის შერჩევა.


ფესტივალი ჩატარდა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ, საიდანაც დედაქალაქზე ულამაზესი ხედები იშლება და რომელიც მთაზე მდებარეობს კუს ტბის მახლობლად, სადაც თბილისელები ცხელ ზაფხულში გაგრილების მიზნით ხშირად ადიან. მუზეუმი გადაშლილია დაახლოებით 50 ჰექტარზე და წარმოადგენს ეთნოგრაფიულ ეზოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი სახლებით. შაბათი დღის ქალაქის ცენტრისგან შორიახლოს გატარებისა და თან ქვეყნის პირველ ღვინის ფესტივალზე დასწრების იდეამ ბევრს გაუჩინა ინტერესი. სტუმრების ნაკადი შეუჩერებელი იყო დილიდან, ხოლო ადგილზე კვების შესაძლებლობამ ხალხს საშუალება მისცა ღონისძიებით მთელი დღის განმავლობაში ესიამოვნათ. ოჯახების მიერ გამოჩენილი ინტერესითა და ფესტივალისთვის ახალი ნიშის აღმოჩენით გაკვირვებულმა ორგანიზატორებმა ვიზრუნეთ, რომ ახალგაზრდა აუდიტორიისათვის მომდევნო წელსაც საინტერესო ყოფილიყო აქ მოსვლის იდეა და მეღვინეობა გამოვიყენეთ, როგორც უძველესი ქართული ტრადიციის პოპულარიზაცია. ამისთვის თბილისის ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმში შევქმენით სივრცე ანიმატორებით, სადაც მშობლები შეძლებდნენ ბავშვების დატოვებას. ტრადიციებთან კავშირის ხაზგასასმელად და იმისთვის, რომ ღონისძიება მხოლოდ ალკოჰოლის პოპულარიზაციის ადგილად არ გადაქცეულიყო, მოვიწვიეთ მეთუნე, რომელიც დღის მანძილზე ამზადებდა თიხის ჭურჭელს, დოქებს, ხელადებს, ფიალებს და დამსწრეებს უხსნიდა მეთუნის ხელობას.


ოჯახური ატმოსფეროს, ტრადიციებისადმი პატივისცემისა და მეღვინეობის ზეიმის ეს უნიკალური კომბინაცია „ახალი ღვინის ფესტივალს“ გამოარჩევს, როგორც განსაკუთრებულ ღონისძიებას, რომელიც ფესვებს ქართულ კულტურაში პოულობს და ყველა პუბლიკისთვის ღიაა. ფესტივალი ყოველ წელს ტარდება და კვლავ რჩება უნიკალურ ადგილად, სადაც სხვადასხვა მიმართულების მეღვინეები ერთ სივრცეში იკრიბებიან და სადაც განსაკუთრებით დამწყებ მეღვინეებსც ეძლევათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი ღვინოები. ამასთანავე, მისი არსებობის მესამე წლიდან ფესტივალმა დაიწყო ტურისტების მოზიდვაც, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში ღვინის ტურიზმის განვითარებას.


2010 წელს საქართველოში ნატურალური მეღვინეობის პიონერებმა დააარსეს „ქვევრის ღვინის ასოციაცია“. ამ ასოციაციის მიზანი იყო ვენახის ბიომრავალფეროვნების, იშვიათი ქართული ყურძნის ჯიშების, ბუნებრივი ღვინოებისა და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციის პოპულარიზაცია, როგორც ეს ასოციაციის სახელშიც აისახება. ქარვისფერი ღვინის დაყენებისას ტემპერატურის მართვა უჟანგავ ცისტერნებში გაცილებით რთულია; ქვევრების უნიკალურობა იმაშია, რომ მიწა, რომელიც ამ ჭურჭლებს გარშემორტყმულია, ხელს უწყობს სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნებას, რაც აუცილებელია ფერმენტაციის პროცესისთვის. სწორედ ამიტომ შეიტანეს ასოციაციის დასახელებაში სიტყვა „ქვევრი“: ეს ჭურჭელი ქარვისფერის ღვინის დასაყენებლად საუკეთესოდ ითვლებოდა.


ქართულმა ბუნებრივმა მეღვინეებმა სლოგანი „არაფერი ჩავამატოთ, არაფერი ამოვაკლოთ“ მიიღეს, როგორც კონცეფცია. ეს სლოგანი, რომელიც დღეს ცნობილია ნატურალური ღვინის სამყაროში, კარგად ასახავს მის არსს: არ ვამატებთ არაფერს და არ ვაკლებთ არაფერს, რაც ბუნებამ მოგვცა (მაგ., კანი ან კლერტი). მოკლედ, არანაირი ჩარევა ღვინის დამზადების პროცესში, რაც საშუალებას აძლევს ბუნებას სრულად გამოხატოს თავი. უცნობია ზუსტად როდის და როგორ გაჩნდა ეს ფრაზა. საქართველოში ხომ არ წარმოიშვა? თუ ღვინის მწარმოებელ სხვა ქვეყანაში? ან, შესაძლოა, რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად? ნატურალური ღვინის ფილოსოფია დაფუძნებულია ბუნების შეგრძნებაზე, ამიტომ ბუნებრივია, რომ იდეები ერთდროულად წარმოიშვას ერთმანეთისგან გეოგრაფიულად დაშორებულ ადგილებში (იაგო ბიტარიშვილი, პირადი კომუნიკაცია, 13 იანვარი 2024).


„ქვევრის ღვინის ასოციაციისა“ და „ღვინის კლუბის“ თანამშრომლობამ ხელი შეუწყო საქართველოში ღვინის კულტურის სწრაფ პოპულარიზაციას, მათ შორის ისეთ პუბლიკაში, რომელიც პირდაპირ არ იყო დაკავშირებული მეღვინეობის სფეროსთან. პირველ რიგში, აღდგა პატივისცემა ტრადიციული მეღვინეობის მეთოდების მიმართ. მეღვინეებმა დაიბრუნეს ნდობა საკუთარ საქმეში, ხოლო მომხმარებლებმა დაიწყეს ბოთლებში ჩამოსხმული ღვინით სარგებლობა, რასაც საბჭოთა საქართველოს ბოლო წლებში ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქციის გამო როგორც წესი თავს არიდებდნენ. გაჩნდა პირველი ბუნებრივი ღვინის ბარები, რომლებმაც დაიწყეს ბუნებრივ ღვინოებზე ცოდნის გავრცელება იმ მომხმარებლებში, რომლებიც მანამდე ამ სფეროსთან ახლოს არ იყვნენ. ამან შეცვალა ჩვევებიც, გაჩნდა ღვინის გაყიდვის ახალი ფორმა – ჭიქით გაყიდვა. ახალგაზრდა თაობა დაინტერესდა ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობით, ასევე ღვინოსთან დაკავშირებული პროფესიებით, როგორებიცაა ენოლოგი, სომელიე და სხვ.


სახელმწიფოს არ გამოპარვია ტრადიციული მეღვინეობის პოპულარიზაციის აღმასვლა, რომელიც როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობდა. იმის აღსანიშნავად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტენდენცია ქვეყნის მეღვინეობის კულტურისთვის, სახელმწიფომ დაიწყო ბუნებრივი ღვინის მოძრაობის მხარდაჭერა. 2011 წელს შეიქმნა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო — საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება. მისი მთავარი ფუნქციებია: მეღვინეობის სექტორის რეგულირება, ღვინის წარმოების ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირება, ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ღვინის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების მართვა და სხვა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო თანამშრომლობა სხვადასხვა გაერთიანებებთან, მათ შორის „ღვინის კლუბთან“, „ქვევრის მეღვინეთა ასოციაციასთან“ და სხვა ორგანიზაციებთან. სააგენტო ხელს უწყობს ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს უცხოეთში გამართულ გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობაში, აფინანსებს ღვინის ფესტივალებს ქვეყნის მასშტაბით, ასევე მხარს უჭერს სამეცნიერო პროექტებს, არქეოლოგიურ გათხრებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებს. ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული ბუნებრივი ღვინოების ცნობადობა საერთაშორისო დონეზე და ამავდროულად ხელი შეუწყო ქვეყნის ტრადიციული მეღვინეობის პრაქტიკების დაცვასა და პოპულარიზაციას. სახელმწიფოსა და ღვინის ასოციაციებს შორის არსებული ეს სინერგია გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოს პოზიციის გაძლიერებაში, როგორც მაღალი ხარისხის ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელი ქვეყნისა.


იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაციის წევრთა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა და სულ უფრო მეტი ქართველი მეღვინე ინტერესდებოდა ქარვისფერი ღვინოების წარმოებით თიხის ქვევრის გარდა სხვა ჭურჭელშიც, აშკარა გახდა, რომ „ქვევრის ღვინის ასოციაციას“ განვითარება სჭირდებოდა. 2017 წელს ასოციაციამ სახელი შეიცვალა და გახდა „ბუნებრივი ღვინის ასოციაცია“, რათა უკეთ ასახულიყო ბუნებრივი მეღვინეობის პრაქტიკის მრავალფეროვნება და გაერთიანებულიყო ყველა მეღვინე, ვინც ამ მიდგომას იზიარებდა. „ბუნებრივი ღვინის ასოციაციის“ წევრები მხოლოდ ის მევენახე-მეღვინეები არიან, რომლებიც ორგანულ მევენახეობასა და ბუნებრივ მეღვინეობას მისდევენ. მეღვინე, რომელსაც კონვენციური ვენახიც აქვს, ან არ გააჩნია საკუთარი ვენახი და მარანი, ვერ გახდება ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი. წევრს ევალება, წერილობითად აღრიცხოს ყველა პროცესი, რომელიც მის ვენახსა და მარანში მიმდინარეობს. თავის მხრივ, ასოციაციას უფლებას იტოვებს ჩაატაროს შემოწმება და კონტროლი წევრთა ვენახებშიც და მარნებშიც. ღვინოები იწარმოება მხოლოდ ბუნებრივი ანუ ველური საფუარებით. აკრძალულია გოგირდის დამატება დუღილის დაწყებამდე და დუღილის მიმდინარეობის ნებისმიერ ფაზაში; გოგირდის დამატება დაშვებულია ღვინოში, ბოთლში ჩამოსხმის წინ ან უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ფერმენტაციის შემდეგ დავარგებისას: გოგირდის საერთო შემცველობა ლიტრზე არ უნდა აღემატებოდეს 50 მილიგრამს (ბუნებრივი ღვინის ასოციაცია, 2024).


იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მეღვინეობა გამოთქვამდა „ბუნებრივი ღვინის ასოციაციის“ წევრობის სურვილს, 2024 წლისთვის საბჭომ გადაწყვიტა წევრად მიღების წესები შეეცვალა. ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი:


„შეიძლება ითქვას, რომ გაწევრიანება უფრო რთული იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ყოველწლიურად ათობით მარნის მზარდი ინტერესის მიუხედავად, ასოციაციის რიგები უსასრულოდ ვერ გაიზრდება, რადგან ამას ახლავს ხარისხის დაკარგვის მაღალი რისკები. თუმცა, ასოციაციის კარიც არ იკეტება და კვლავ არის შესაძლებელი, შეივსოს მისი რიგები რჩეული მარნებით. [….] ვინაიდან ასოციაციაში ადგილები შეზღუდული იქნება, 2024 წლიდან ყოველ წელს ასოციაცია თვითონ გადაწყვეტს, რამდენი ახალი წევრი შეიძლება მიიღოს თავის რიგებში და შესაბამისად, კანდიდატები წინასწარ დაგეგმილ ვაკანსიის კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. კანდიდატს რეკომენდაციას უნდა უწევდეს, სულ მცირე, ასოციაციის 3 წევრი“ (ნატურალური ღვინის ასოციაცია, 2023).


ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის ორწლიანი დაკვირვების პერიოდი - ეს ნიშნავს იმას, რომ ასოციაციის მიერ ინსპექტირების პროცედურა გაგრძელდება ორი კალენდარული წლის განმავლობაში და მოიცავს მინიმუმ ორ დაგეგმილ ვიზიტს ვენახსა და მარანში. ამჟამად, ბუნებრივი ღვინის ასოციაციის დაახლოებით 120 წევრს ითვლის. თუმცა, ისევე როგორც ეს მეღვინეობის ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება, ყველა ბუნებრივი მეღვინე მიზნად არ ისახავს ასოციაციაში გაწევრიანებას.


მეღვინეობების რაოდენობა ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს. 2023 წლის ბოლოს საქართველოში მთლიანობაში 2600 მეღვინეობა იყო რეგისტრირებული. 2021 წელს დაარსდა 364 ახალი კომპანია, 2022 წელს – 372, ხოლო 2023 წელს კი 514 (მღებრიშვილი, 2023). ბოლო წლებში რეგისტრირებული მეღვინეობების უმრავლესობა მცირე, ოჯახური მეღვინეობებია. ამ ახალ მეღვინეებს შორის ბევრი ადრე ფლობდა მცირე მეღვინეობებს ოჯახური მოხმარებისთვის; შემდეგ მათ გადაწყვიტეს ღვინის გასაყიდად წარმოება და ასევე ტურისტების მიღება.  ახალი მეღვინეების ერთი ნაწილი დიდ ქალაქებში ცხოვრობდა და ნაყიდი ყურძნისგან ღვინის დაყენება უბრალოდ მათი ჰობი იყო.  შემდეგ კი მათ გადაწყვიტეს მიწის შეძენა და მეღვინეობით სრული დატვირთვით დაკავება. ასეთი მონდომებაში არაფერია განსაკუთრებული: მცირე, წარმატებული ოჯახური მეღვინეობების მაგალითები ამ ადამიანებს იმედს აძლევს, რომ წინაპრებისგან მიღებული მეღვინეობის ცოდნა მათ ეკონომიკურ მოგებას მოუტანს. ეს არის ხედვა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ქართველი მეღვინეები მეღვინეობის სფეროს წინაპრების ტრადიციების გაგრძელებად და, ასევე, ეკონომიკური მოგების შესაძლებლობად მიიჩნევენ. ამ დინამიკამ გამოიწვია მეღვინეობის მრავალი სკოლისა და კურსების გახსნა მთელ ქვეყანაში. ფაქტია, რომ თანამედროვე ნატურალური მეღვინეების პირველი თაობა ახალგაზრდებისთვის შთაგონების წყარო გახდა, რამაც მათ იმედი და ამბიცია მისცა, რომ მათ კვალს გაჰყოლოდნენ. მეღვინეების ეს ახალი თაობა აგრძელებს ქართული მეღვინეობის განვითარებასა და მოდერნიზებას; ამავდროულად, ისინი ტრადიციული პრაქტიკის ერთგულნი რჩებიან.


მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ქართულ მეღვინეობაში მრავალი ცვლილება მოხდა, კვლავ არსებობს საკითხები, რომლებიც ორი საუკუნის წინანდელი დებატების მსგავსად აქტუალურია. დღესაც ხშირად ისმის კითხვა, შეუძლია თუ არა ტრადიციული ქართული მეთოდით წარმოებულ ღვინოს ხანგრძლივი ტრანსპორტირებისთვის გაძლება ან კარგად დაძველება. უკანასკნელ დრომდე, ეს ორი კითხვა ზოგადად ბუნებრივი ღვინოების შესახებ ხშირად ისმოდა. დროისა და გამოცდილების შედეგად დადასტურდა, რომ ბუნებრივი ღვინოები, იმის მიუხედავად, მზადდება თუ არა ქართული მეთოდით, კარგად იტანენ ხანგრძლივ მგზავრობას და კარგად ძველდებიან (Legeron, 2017: 82). ასევე, მე-19 საუკუნის მსგავსად, დღემდე აქტუალურია კითხვები ქვევრის ხარისხის შესახებ, რომელიც კარგი ღვინოს დასაყენებლად უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სამწუხაროდ, მათი ხარისხი მოლოდინს ყოველთვის არ პასუხობს. ეს თემა ტაბუდადებულია და ის მეღვინეებიც კი, რომლებსაც ამ მხრივ  ცუდი გამოცდილება ჰქონდათ, დუმილს ამჯობინებენ. იშვიათია ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც გაბედულად ისაუბრებს ამ საკითხზე, რაც პრობლემის გადაწყვეტას კიდევ უფრო ართულებს. საიმონ ჯ. ვულფი თავის წიგნში ძალიან მოკლედ ეხება ამ პრობლემას (Woolf, 2018: 107). და ბოლოს, კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ორი საუკუნის წინ არსებობდა და დღესაც არსებობს, არის ბოთლების წარმოება. საქართველო თავად ბოთლებს არ აწარმოებს, რაც მეღვინეებს აიძულებს გამოიყენონ იმპორტირებული საქონელი. ეს კი მათთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად გავლენას ახდენს მათ კონკურენტუნარიანობაზე საერთაშორისო ბაზარზე.

 

დასკვნა

 

პოპულარული მოსაზრების თანახმად, ღვინის „ბუნებრივად“ კვალიფიცირება მხოლოდ 1980-იან წლებში გახდა საჭირო, რათა ნამდვილი ღვინო განესხვავებინათ დამატებითი ნივთიერებების შემცველი ღვინოებისგან (Legeron, 2017: 114). თუმცა, ტერმინი „ბუნებრივი ღვინო“ ამავე მნიშვნელობით 1823 წელს უკვე დადასტურებულია (Cadet de Vaux, 1823). როგორც ჩანს, ამ პერიოდში ეს ტერმინი გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ღვინო, რომელსაც არ ჰქონდა დანამატები განესხვავებინათ იმ ღვინისგან, რომელსაც შაპტალიზაციის პროცესს ჰქონდა გავლილი. ტერმინი „ბუნებრივი ღვინო“ არსებობდა მთელი XIX საუკუნის განმავლობაში (Voinesson de Lavelines, 1880), ისევე, როგორც  არსებობდნენ მისი დამცველები (Bazerolle, 1902), და როდესაც 1907 წლის კრიზისის დროს საფრანგეთში ლანგედოკისა და რუსიონის რეგიონების მეღვინეები აჯანყდნენ, ბუნებრივი ღვინის დაცვა ერთ-ერთ უმთავრესს საკითხს წარმოადგენდა დემონსტრაციების დროს (Deroubaix, Le Puill & Raynal, 2006: 13).


როდესაც ილია ჭავჭავაძე ბუნებრივი ღვინის განსაზღვრებას გვთავაზობს, ამას აკეთებს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვა ღვინოებისგან გამოარჩიოს, არამედ იმისთვისაც, რომ ხაზი გაუსვას ტრადიციული მეღვინეობის მეთოდს. მართალია, ილიას მიდგომა შეესაბამება ევროპაში არსებულ მოძრაობას, სადაც ნატურალურ ღვინოებზე დებატები უკვე მიმდინარეობდა, მაგრამ ქართული ნატურალური ღვინის მისეული განმარტება კონვენციური მეღვინეობისადმი უბრალო წინააღმდეგობის ფარგლებს სცილდება. მისი უმთავრესი მიზანი ქართული იდენტობის შენარჩუნებაა. ილიასთვის ბუნებრივი ღვინის განსაზღვრა წარმოადგენს ბრძოლას საკუთარი ხალხის იდენტობის დასაცავად რუსეთის იმპერიის მიერ თავს მოხვეული ცვლილებების წინააღმდეგ. ის ტრადიციულ მეღვინეობას ქართული კულტურის ცენტრალურ ელემენტად მიიჩნევს, ამიტომ მისი მანიფესტი არა მხოლოდ მეღვინეობაზე, არამედ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა, რომლის დაცვაც ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდების შენარჩუნების მეშვეობით ხდება.


როდესაც 2000-იან წლებში საქართველოში ნატურალური ღვინის მოძრაობა განახლდა, მისი ძირითადი მიზანი ტრადიციული მეთოდის გადარჩენა იყო. ეს იყო დაბრუნება საწყისებთან, სურვილი საკუთარი მემკვიდრეობის უკეთ შესწავლისა, საჭიროება, საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ჩუმი ღვინის წარმოების მიტოვებისა და საკუთარი თავის ხმამაღლა გამოხატვისა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნას. ტრადიციული მეღვინეობის აღორძინების საშუალებით შესაძლებელი გახდა ორგანული მეღვინეობის დაბრუნება და პოპულარიზება საქართველოში. ეს არის ის, რაც განასხვავებს ქართულ ბუნებრივ ღვინის მოძრაობას ევროპის იმავე პერიოდის ბუნებრივი ღვინის მოძრაობისგან, რომლის მთავარი მიზანი კონვენციური მეღვინეობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ქართული ბუნებრივი მეღვინეობის არსის გასაგებად, ის პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, როგორც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც ტრადიციებშია ფესვგადგმული. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ დღეს ჩვენ შეგვიძლია ქვევრში დაყენებული ქართული ბუნებრივი ღვინის გასინჯვა, ეს ტრადიციული მეღვინეობისთვის ორსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგია. სწორედ ამიტომ, არ არის მართებული ქართველ ნატურალისტ მეღვინეებს ტრადიციების პატივისცემა დავუწუნოთ, ისინი დავადანაშაულოთ წინაპართა მეთოდების „მონურ“ დაცვაში, არაპროფესიონალიზმსა და ქვეყნის განვითარების შეფერხებაში (Granik, 2020).


ილია ჭავჭავაძის მიერ 1887 წელს გამოქვეყნებული წერილები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. იგი წერდა, რომ ის, რასაც მაშინ ქართული ღვინის ხარვეზად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში მის დამსახურებას წარმოადგენდა, და რომ თუ მსოფლიო ბაზარი ოდესმე მიიღებდა ქართულ ღვინოს, ეს სწორედ ამ დამსახურების გამო მოხდებოდა. ილია ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს გულისხმობდა, რომელიც დღეს უკვე იმდენად გავრცელებულია, რომ ქარვისფერი ღვინოები ღვინის ბარებში აუცილებელ პროდუქტად იქცა. სწორედ საქართველოს ბუნებრივი ღვინის მოძრაობის წევრების მტკიცე შრომის შედეგია, რომ ქართული ღვინოები დღეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ამ ადამიანების ძალისხმევის წყალობით, რომლებმაც თავი ქვეყნის მეღვინეობის მემკვიდრეობის დაცვას მიუძღვნეს, საქართველომ შეძლო საკუთარი ადგილის პოვნა თანამედროვე ღვინის მსოფლიო რუკაზე. ქართული ბუნებრივი ღვინის მოძრაობის ძალისხმევამ ისეთი პოპულარობა მოუტანა წინაპართა მეთოდით დაყენებულ ღვინოს, რომ ამ ცნობადობით სარგებელი მიიღო მთელმა ქვეყანამ და ყველა მეღვინეობამ, ღვინის დაყენების სტილის მიუხედავად. ამ ბუნებრივი მოძრაობის წყალობით, ქართულმა ღვინომ შეძლო თავისი იდენტობის აღდგენა და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი კუთვნილი ადგილის დაკავება.


გამოყენებული ლიტერატურა:


  • მღებრიშვილი, ვ. (2023) წელს ქვეყანაში 514 ღვინის კომპანია დარეგისტრირდა - რამდენი ღვინის კომპანიაა ბაზარზე? [online]

  • Bazerolle, E. (1902) Défense du vin. Paris: Librairie médicale et scientifique Jules Rousset.

  • Cadet de Vaux, A.-A. (1823) L'art oenologique réduit à la simplicité de la nature, par la science et l'expérience. Paris: Chez Louis Colas.

  • Deroubaix, C. Le Puill, G. and Raynal A. (2006) Les vendanges de la colère : Midi viticole, 1907-2007. Paris: L'Humanité; Au diable Vauvert.

  • Legeron, I. (2017) Le vin nature: Introduction aux vins biologiques et biodynamiques. Paris: Eyrolles.

  • Granik, L. (2020) Why Georgia’s wines need a dose of reality. [online]

  • Woolf, S. J. (2018) Amber revolution: how the world learned to love orange wine. Northampton, Massachusetts : Interlink Books.

 
 
 

Comments


bottom of page